 წმიდა
ბიძინა ჩოლოყაშვილი და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავნი XVII საუკუნეში
აღესრულენენ მოწამეობრივად. შაჰ-აბას I-მა და მისმა ძემ, შაჰ-აბას II-მ
განსაკუთრებული სისასტიკით კახეთი ააოხრეს. მამა და შვილი საბედისწეროდ, ყორნებივით
დასჩხაოდნენ თავს ივერიას და ცეცხლის ალში ხვევდნენ ეკლესია-მონასტრებს და
ციხე-სიმაგრეებს, ათასობით ქართველს მშობლიური მიწიდან ყრიდნენ, სპარსეთში
მიერეკებოდნენ და მათ ნაცვლად სპარსელებს ასახლებდნენ.
ხალხი ილტვოდა მტარვალთაგან და იხიზნებოდა. „ქართლის ცხოვრება"
მოგვითხრობს, რომ „აღარა სადა იხსენებოდა სახელი ქრისტესი, თვინიერ მცირეთა ოდენ
მთით კერძო თუშთა, ფშავთა და ხევსურთა შორის". მიუწვდომელია კაცთათვის ღვთის
განგებულება: სწორედ ამგვარი გაჭირვების ჟამს, როცა თითქოს ცოდვა-მადლი არ
განირჩეოდა, როცა ცეცხლის კალოდ ქცეული საქართველო ყოფნა-არყოფნის ზღვარზე იდგა,
უფალმა თავისი ერთგული მხედრობა გამოარჩია. ამ საუკუნეში შეუერთდნენ ზეციურ
საქართველოს: წმიდა დიდმოწამე ქეთევან დედო
...
კითხვის გაგრძელება »
|
ღირსი ევმენიოსი კეთილმსახური ცხოვრებით გამორჩეული ქრისტიანი იყო. მან მთელი
ქონება გლახაკებს დაურიგა, თვითონ კი, ღვთის მოწყალებას მინდობილმა, ამსოფლიური
საცდურებისაგან განრიდებული ფიცხელი მოღვაწეობა დაიწყო. ღვთის კურთხევით ნეტარი
მამა ჰორტინის ეპისკოპოსად იქნა დადგენილი კუნძულ კრეტაზე. წმიდა მღვდელმთავარი
ბრძნულად განაგებდა სამწყსოს, მისი ლოცვით ხშირად მოუვლენია ღმერთს წვიმა გვალვის
დროს, განუკურნავს სნეულები და განუმტკიცებია დაბრკოლებულნი. წმიდანი მტკიცედ
იცავდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას იმჟამად აღმოცენებული მონოთელიტთა
მწვალებლობისაგან. ერეტიკოსთა წინააღმდეგ დაუცხრომელი ბრძოლისთვის უღმრთოებმა იგი
თებაიდაში გადაასახლეს, სადაც აღესრულა კიდეც VII საუკუნეში. უფლის რჩეულის ნეშტი
ჰორტინაში გადაასვენეს და იქვე მიაბარეს მიწას.
|
წმიდა მოწამე არიადნა ქალაქ პრიმნისის (ფრიგია) უხუცესის, ტერტილუსის მხევალი იყო
იმპერატორების, ადრიანესა (117-138) და ანტონინუს პიუსის (138-161) დროს. ერთხელ,
როცა მისმა ბატონმა ძეობასთან დაკავშირებით წარმართული მსხვერპლშეწირვა მოაწყო,
ქრისტიანმა არიადნამ უსჯულო ღრეობაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ამისთვის იგი
სასტიკად აწამეს, შემდეგ კი საპყრობილეში ჩააგდეს. მრავალგვარი ტანჯვისა და
განსაცდელის შემდეგ წმიდა არიადნა გაათავისუფლეს. მან დატოვა ქალაქი და უდაბნოს
მიაშურა, მაგრამ ტერტილუსმა მეომრები დაადევნა შესაპყრობად. მდევრების დანახვისას
წმიდა არიადნამ ღმერთს სთხოვა შემწეობა და მოხდა სასწაული - მთა გაიპო და ქრისტეს
მხევალი შიგ მიიმალა.
|
 წმიდა მოწამენი სოფიო და ირინე ქრისტეს აღსარებისთვის ეწამნენ იმპერატორ ადრიანეს
(117-138) დროს. უსჯულოებმა მათ თავები მოჰკვეთეს.
|
წმიდა მოწამე კასტორი კერპთმსახურებმა შეიპყრეს და შიმშილით ამოხადეს სული.
|
კეთილმსახური ქვრივი, წმიდა სოფიო იტალიაში ცხოვრობდა და ქრისტეს მცნებების ერთგულებით ზრდიდა თავის ასულებს, რომელთაც სამი ქრისტიანული სათნოების მიხედვით პისტი (რწმენა), ელპიდი (სასოება) და აღაპი (სიყვარული) დაარქვა. იმპერატორ ადრიანეს (+117-138) მიერ მართლმორწმუნეთა დევნისას დედა და შვილები მტკიცედ იცავდნენ თავიანთ სარწმუნოებას და მას დაუფარავად აღიარებდნენ ყველას წინაშე. ქალაქის თავმა ანტიოქოსმა ამის შესახებ უღმრთო თვითმპყრობელს აუწყა, მან კი, პირუტყვული გულისწყრომით აღსავსემ, ბრძანა, დაუყოვნებლად რომში ჩაეყვანათ აღმსარებლები. ქრისტეს სასძლოები სიხარულით აღივსნენ, მადლობა შესწირეს უფალს და შესთხოვეს, სატანჯველთა დათმენის ძალა მიემადლებინა მათთვის. როცა წმიდანები იმპერატორის წინაშე წარდგნენ, ყველა გააოგნა მათმა სიმშვიდემ: გეგონებოდათ, საწამებლად კი არა, ბრწყინვალე დღესასწაულზე მოუხმიათო. ადრიანემ არტემიდეს კერპის თაყვანისცემა მოსთხოვა მარტვილებს. სოფიომ ყველას მაგივრად მიუგო: მისთვის მოვსულვართ „აქა ჰრომედ,
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე თეოდოტია, წარმოშობით კაბადოკიელი, ქალაქ ნიკეაში ეწამა იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) დროს. როცა კაბადოკიის მმართველად ვინმე სიმბლიკიოსი დანიშნეს, მას მოახსენეს, რომ მდიდარი ქალბატონი თეოდოტია ქრისტეს აღიარებდა. მმართველმა თავისთან მოუხმო მაცხოვრის მსასოებელს და დიდხანს ეცადა ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან მის გადადრეკას. უსჯულო ხელისუფალი მალე დარწმუნდა, რომ ვერანაირი შეგონება ნაყოფს ვერ გამოიღებდა და მხნე აღმსარებელი ჯალათებს გადასცა. თეოდოტია დაკიდეს, სასტიკად სცემეს და საპყრობილეში ჩააგდეს. რვა დღის შემდეგ, როცა წმიდანი ხელახლა გაიყვანეს საწამებლად, მას გადატანილი სატანჯველების კვალი ოდნავღა აჩნდა. სიმბლიკიოსის ბრძანებით გახურებულ ქურაში შეაგდეს მოწამე. რამდენიმე ხნის შემდეგ ქურუმებმა გააღეს ღუმელი, რომ მოწამის ფერფლი გაეფანტათ, მაგრამ ცეცხლმა შთანთქა უსჯულოები, გადარჩენილებმა კი სრულიად უვნებელი თეოდოტია იხილეს. მარტვილის მოუდრეკლობა არ ასვენებდა სიმბლიკიოსს. იგი ბიზანტიონში გაემგზავრა, მობრუნებულზე კი ანკვირიაში გაჩერდა და ბრძანა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მოწამე აღათოკლიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის წლები უცნობია, ვიცით მხოლოდ, რომ ის ერთი წარმართი და ქრისტესმოძულე ქალბატონის მხევალი იყო. ამ უკანასკნელს ქრისტეს აღსარებისთვის საშინლად სძულდა აღათოკლია და რვა წლის მანძილზე სასტიკად ტანჯავდა მას. ერთხელ გააფთრებულმა ქალმა ცემით ხერხემალი დაუზიანა მხევალს, შემდეგ ენის წვერიც მოაჭრა, მაგრამ ვერაფრით შეძლო, მოედრიკა წმიდანი და წარმართულ მსხვერპლშეწირვაზე დაეყოლიებინა. უღმრთო ქალბატონმა საპყრობილეში ჩააგდო იგი. აღათოკლიასთან ყოველდღე ჩიტებს მიჰქონდათ საზრდელი. ბოლოს ბოროტებისგან გონდაკარგული უსჯულო საპყრობილეში შევიდა და აღათოკლია სიცოცხლეს გამოასალმა.
|
წმიდანი ასორმოცდათექვსმეტი მოწამენი: პელიოსი და ნილოსი - მეგვიპტელი ეპისკოპოსნი, ზენონ ხუცესი, პატერმუთე, ილია და სხვანი იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს აღესრულნენ. მარტვილთა უმეტესობა ეგვიპტელი იყო, იყვნენ მათ შორის პალესტინელებიც. ისინი პალესტინის მმართველმა ფირმილიანემ შეიპყრო და სასტიკად აწამა: ნეტარებს თვალები დათხარეს, ფეხის ძარღვები დააჭრეს... ბოლოს ას მოწამეს თავი მოჰკვეთეს, დანარჩენები კი - დაწვეს.
|
|